Wednesday, February 27, 2013

ექვთიმე თაყაიშვილი და ფოლკლორი






ახალი ქართლის ცხოვრებისათვის მასალების შემოკრებას და საქართველოს ისტორიის მეცნიერულად შემუშავების საქმეს ე. თაყაიშვილმა დასდო ისეთი ამაგი, რომ მისი ბადალი არცერთ მოღვაწეს არ გაუწევია.

ნ. ბერძენიშვილი




თაყაიშვილი ექვთიმე სიმონის ძე (3.01.1863, ლიხაური, ოზურგეთი, - 21.02.1953, თბილისი) ქართველი მეცნიერი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946), პროფესორი (1918-21, 1945). დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია (1883), შემდეგ - პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია ფილოლოგიის ფაკულტეტი (1887) მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხით. 
1887-94 წლებში თბილისის სათავადაზნაურო სკოლისა და კლასიკური გიმნაზიის მასწავლებელი (ასწავლიდა ბერძნულ და ლათინურ ენებს, ისტორიასა და გეოგრაფიას), 1894-1904 - სათავადაზნაურო გიმნაზიის გამგე. მე-19 საუკუნის 90-იანი წლებიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს სიძველეთა შეკრებისა და მათი მეცნიერული დამუშავებისთვის. ამგვარი საქმიანობის შეთავსება პედაგოგიურ სამუშაოსთან ძნელი იყო, ამიტომ 1904 წლიდან ე. თაყაიშვილმა დატოვა ოფიციალური სამსახური და მხოლოდ იმისთვის, რომ საარსებო წყარო ჰქონოდა, ისტორიას ასწავლიდა ჯერ თბილისის ქალთა პირველ, შემდეგ კი - მეექვსე გიმნაზიაში. ე. თაყაიშვილმა დაარსა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება (1907) და მისი პირველი თავმჯდომარე იყო. აქტიურად მონაწილეობდა თბილისის უნივერსიტეტის დაარსებაში, იყო უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი პროფესორი, არქეოლოგიური კათედრის გამგე. 
1921-45 წლები ემიგრაციაში გაატარა საფრანგეთში, სადაც მეთვალყურეობდა საქართველოს მენშევიკური მთავრობის მიერ გატანილ სამუზეუმო განძეულობას. მისი ნებისყოფისა და თავდაუზოგავი მცდელობის შედეგი იყო ამ საგანძურის დაცვა მეტად ძნელ პირობებში. იგი საქართველოში დაბრუნდა ამ განძთან ერთად. ე. თაყაიშვილი იყო პარიზის ნუმიზმატთა საზოგადოებისა (1922) და პარიზის სააზიო საზოგადოების წევრი (1925). ემიგრაციის წლებში ინტენსიურ მეცნიერულ მუშაობას ეწეოდა, აქტიურად მონაწილეობდა სამეცნიერო ორგანოების საქმიანობაში („ბიზანტიონი“, „გეორგიკა“ და სხვ.), აქვეყნებდა გამოკვლევებს საქართველოს ისტორიასა და წყაროთმცოდნეობაში. მის ნაშრომებში უხვად არის წარმოდგენილი ახალი ცნობების შემცველი მასალა, რომლის შუქზეც ახლებურად გამოიყურება ზოგიერთი ისტორიული ფაქტი, ნათელი ხდება ესა თუ ის მოვლენა, ზუსტდება თარიღები, დგინდება ამა თუ იმ ისტორიული პირის ვინაობა (იხ. ე. თაყაიშვილის ნაშრომები: „მეფეთა და კათალიკოზთა სულთა მატიანე ნიკორწმინდის ხელნაწერებში“, 1939 წ; „სომხით საორბელოს ძეგლების წარწერები“, ნაწილი პირველი, 1929 წ; „პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკის ქართული ხელნაწერები და ოცი საიდუმლო დამწერლობის ნიშანი“, 1933 წ; „ქართული სიძველენი ევროპელ ანტიკვარებთან“, 1929 წ. და სხვ.)
ექვთიმე თაყაიშვილი იკვლევდა ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წარმოქმნა-ჩამოყალიბებისა და განვითარების პრობლემებს. შეისწავლა ბარათაშვილისეული, დადიანისეული, თეიმურაზისეული, რუმიანცევისეული, ჯანაშვილისეული და მარიამისეული „ქართლის ცხოვრების“ ტექსტები (უკანასკნელი გამოაქვეყნა 1906). დიდი მნიშვნელობა აქვს ე. თაყაიშვილის ნაშრომებს: „არქეოლოგიური ექსკურსიები“ (წგნ. 1-5, 1905-15), „ხელნაწერთა აღწერილობანი“ (ტ. 1-4, 1902-12); ე. თაყაიშვილის რედაქტორობით გამოიცა კრებული: „ძველი საქართველო“ (ტ. 1-4, 1909-15), „საქართველოს სიძველენი“ (ტ. 1-3, 1899-1915) და სხვ.  ე. თაყაიშვილმა აღმოაჩინა და მეცნიერული კომენტარით გამოაქვეყნა ქართული სამართლის მნიშვნელოვანი ძეგლი „ხელმწიფის კარის გარიგება“ (1920). ე. თაყაიშვილი ეწეოდა ფართო არქეოლოგიურ საქმიანობას. მისი ხელმძღვანელობით გაითხარა წინაქრისტიანული ხანის სასაფლაო დებედის ხეობაში, სოფელ ვორნაკში. დიდი ღვაწლი მიუძღვის ახალგორის განძის შეგროვებასა და დაცვაში. მან კვალდაკვალ სდია ამ განძის შემსყიდველ-გადამყიდველებს, განძის უმეტეს ნაწილს თავი მოუყარა და საბოლოოდ კავკასიის მუზეუმში დააბინავა. უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ე. თაყაიშვილის არქეოლოგიურ მოგზაურობას სამხრეთ საქართველოში. პირველი ექსპედიცია შედგა 1902 წელს (ე. თაყაიშვილთან ერთად იყვნენ ხუროთმოძღვარი ს. კლდიაშვილი და ფოტოგრაფი ა. მამუჩაიშვილი) გამოკვლეულ იქნა ახალციხისა და ახალქალაქის, აგრეთვე, არტაანის და ოლთისის ოლქების ზოგიერთი ძეგლი. 1907 წელს ე. თაყაიშვილმა შეისწავლა არტაანის ოლქის კოლის რაიონის ძეგლები და დაამთავრა ოლთისის ოლქის ძეგლების შესწავლა (ე. თაყაიშვილთან ერთად ექსპედიციაში იყვნენ ხუროთმოძღვარი ა. კალგინი და ფოტოგრაფი ე. ლიოზენი). განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა თაყაიშვილის მიერ 1917 წელს მოწყობილ ექსპედიციას (ხუროთმოძღვარი ა. კალგინი, მხატვრები: დ. შევარდნაძე, ლ. გუდიაშვილი და მ. ჭიაურელი). შესწავლილიქნა ხახულის, იშხნის, ოშკის, ექექისა და სხვა ტაძრები, ოთხთა ეკლესია, თორთუმის ციხე და სხვ. ე. თაყაიშვილმა აღმოაჩინა და გადმოიღო მრავალი ძვირფასი წარწერა, გაარკვია მანამდე ლიტერატურაში უცნობი ზოგიერთი მონასტრის სახელი. ე. თაყაიშვილის არქეოლოგიურმა მოგზაურობამ დიდი როლი ითამაშა ქართული კულტურის ძეგლების აღწერასა და შესწავლის საქმეში (შეისწავლა მოხატულობა, ჭედური ხატები, საეკლესიო ჭურჭელი, მინიატურები). ე. თაყაიშვილის ნაშრომი „მასალები კავკასიის არქეოლოგიისათვის“ დაჯილდოებულია რუსეთის საიმპერატორო არქეოლოგიის საზოგადოების დიდი ოქროს მედლით (1911 წელი, 28 მარტი). 
ექვთიმე თაყაიშვილმა ამაგი დასდო ძველი ქართული მწერლობის ძეგლების კვლევისა და გამოცემის საქმეს, შეაგროვა და აღწერა რუსთაველის პოემის ხელნაწერების ერთი ნაწილი; ერთ-ერთმა პირველმა შენიშნა, რომ ვახტანგ VI-ის მიერ გამოცემული ვეფხისტყაოსანი ვრცელი ხელნაწერების შემოკლებულ რედაქციას უნდა წარმოადგენდეს; ე. თაყაიშვილმა გამოსცა „სიბრძნე ბალავარისა“ (1895), „მელის წიგნი“ (1899), „თიმსარიანი“ (1903); მეცნიერულად აღწერა „აბდულ-მესიანის“, „თამარიანის“, „ამირანდარეჯანიანის“, „როსტომიანის“, „შაჰნავაზიანის“, „ბარამიანის“, „ქილილა და დამანას“ და ძველი ქართული მწერლობის სხვა ძეგლების ხელნაწერები. დიდ ყურადღებას აქცევდა ქართველი ხალხის სიტყვიერების ნიმუშების შეკრებასა და გამოცემას. რედაქტორობდა „ხალხური სიტყვიერების“ ორტომეულს (1915-18).


ხალხური პოეზიაც არანაკლები საგანძურია...

... „საქართველო დავიარე და დავინახე, თუ რა უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყებისა და ხშირად დაღუპვისთვისაც, პირდაპირ ამიტანა ფანატიკურმა მისწრაფებებმა, რაც შეიძლება მეტი მომესწრო, მით უმეტეს, რომ ჩემ თანამედროვეთაგან აღარავინ მისდევდა ამ საქმეს... რამდენს ვცდილობდი, რას არ ვკიდებდი ხელს, მაგრამ რამდენი რამ მაინც ვერ მოვასწარი“... - ე. თაყაიშვილი.
... „თითქოს გვყავდა ინტელიგენცია, მაგრამ ნამდვილად და ღრმად ვერავინ ხვდებოდა კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობისა და ადგილობრივ შესწავლის აუცილებლობას!“ - ე. თაყაიშვილი.
... „ხალხური პოეზია იმასვე განიცდის, რაც არქეოლოგიურ ნაშთებს მოსდის, - ერთიც და მეორეც ისპობა, და თუ საჭიროა არქეოლოგიური ნაშთების შეკრება და შესწავლა, აგრეთვე საჭიროა ხალხური ზეპირსიტყვიერების შეკრება, გამოქვეყნება და შესწავლა,“ - ე. თაყაიშვილი.
ექვთიმე თაყაიშვილი იყო ზეპირსიტყვიერების შემკრებლობითი საქმიანობის ორგანიზატორი. ფოლკლორისადმი დიდი ინტერესი მშობლიურმა წრემ გაუღვივა ჯერ კიდევ ყმაწვილს.
„აჯახრიკდა ბებია“ მას ბავშვობაში უსწავლია და ამბობდა: "სხვა ლექსებიც ვიცი ბებიას აჯახრიკებაზეო"
„აჯახრიკდა ბებია, 
უნდა ქალიშვილობა, 
ეს რა მისი ბრალია, 
ითხოვს გვარიშვილობა“.
ექვთიმემ წიგნური და ხალხური ლექსებიც იცოდა ზეპირად. წარმოთქვამდა ზოგიერთს და დასძენდა: სიმღერაში იცოდნენ ჩართვაო.
ერთი მათგანია:
„ჩემო ციცინათელაო,
ჩამომყევ ნელა-ნელაო,
სიყვარული არ გცოდნია,
იგია ჩემი ბელაო“.
იგი ასეთადვე ასახელებდა საჩონგურო სტროფს:
„ზეცასა ვიყავ, ზეცა ვნახე,
ვარსკვლავებსა დავენახვე,
მთვარემ კაცი მომიგზავნა,
აქ თუ იყავ, რად არ მნახე!“
იხსენებდა მისივე ახლობლის ალექსანდრე თაყაიშვილის გახალხურებულ საჩონგურო ლექსს:
„შენ შეგნატრიან არენი
ნათელო, ცის სამყაროსა.
მთვარეს წაუხდეს ციმციმი
და მზენიც ვერ გედაროსა“...
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ე. თაყაიშვილი ეხება „ყველა ქართველ მოდგმის ხალხს“, - არა მარტო საკუთრივ ქართულ კილოებზე მეტყველთ, არამედ ამავე ენის კილოკავებზე - მეგრულ-ჭანურ (ლაზურ)-სვანურზე მეტყველთაც. ექვთიმე თაყაიშვილი ამბობს: „რომელ განათლებულ მეგრელს არ შეუძლია დაგვიწეროს მეგრულად მეგრული სახალხო სიტყვიერება? რომელს განათლებულ სვანს არ შეუძლია ჩაწეროს სვანური ხალხური ნაწარმოები?“
ექვთიმე თაყაიშვილის ავტორიტეტითა და მისი თავმჯდომარეობით მოქმედი საზოგადოებისადმი ნდობის წყალობით იყო, რომ ამ საზოგადოებას აკაკი წერეთელმა „დაავალა სახალხო პოეზიის შეკრება და ამის ფონდისთვის“ მასვე უანდერძა „უფლება მისი ნაწერების გამოცემისა და გაყიდვით მიღებული თანხის გამოყენებისა,“ აგრეთვე, მანვე საზოგადოებას ანდერძით დაუტოვა „ზეპირსიტყვიერების ფონდისთვის ორი უძრავი ქონება: ვენახი, მისი ეზოს მახლობლად და ტყე...“
ე. თაყაიშვილს არ ეცალა სისტემატურად ეკრიბა ფოლკლორული მასალა, მაგრამ როგორც კი დროს იხელთებდა, ამასაც აკეთებდა. იგი უფრო არქეოლოგიური მოგზაურობის დროს ახერხებდა მასალის ჩაწერას.
თეორიული თვალსაზრისითვე ფრიად საგულისხმოა ე. თაყაიშვილის შემდეგი დებულებები: „ქართული ხალხური სიტყვიერება დაუშრეტელი ზღვა არის...“, ქართულმა ზეპირსიტყვიერებამ „იქონია გავლენა ჩვენს საუკეთესო პოეტებზე და მწერლებზე, მაგრამ იმავე დროს ყველა საუკეთესო ნაწარმოები ჩვენი ლიტერატურისა გადავიდა ხალხურში“. ავტორი მაგალითისთვის ასახელებს „ვეფხისტყაოსანს“, „როსტომიანს“, „ბეჟანიანს“, „ამირან-დარეჯანიანს“ და ასკვნის: „კარგად რომ გამოვიკვლიოთ და სრულად შევკრიბოთ ხალხური პოეზიის ნაშთები, შეიძლება აღმოჩნდეს ბევრი ისეთი ნაწარმოები, რომლებიც ერთ დროს ავტორის ყოფილა, ავტორის ვინაობა სცოდნიათ, მაგრამ ჩვენამდის არ მოუღწევია და ავტორის სახელი გამქრალა, ხოლო მისი ნაწარმოებები, თუ არა სრულიად, ნაწყვეტებად მაინც ხალხურ პოეზიას დაუცავს. ამის უტყუარ საბუთს გვაძლევს ჩვენ მიერ პოვნილი „ხელმწიფის კარის გარიგება.“
სწორედ ამ ძეგლის აღმოჩენით გაირკვა, რომ ლექსი "როს ნაჭარმაგევს მეფენი..." არ არის ხალხური და ეკუთვნის არსენ იყალთოელს.
ექვთიმეს არქივში ზღაპრებიცაა. მაგალითად, „ნადირობა კუდასი,“ „დათვი,“ „მაზრის სოვდაგარი,“ „ვანოს საეტლო“. განსაკუთრებით ფასეულია, რომ ექვთიმე თაყაიშვილის ინიციატივით შეგროვილ მასალებში ბლომადაა ლიტერატურულ ძეგლთა ხალხური ვარიანტები.  მის კოლექციაში გვხვდება „ვეფხისტყაოსანი“, „როსტომიანის“ და „ბეჟანიანის“ ხალხური ვარიანტები, „ეთერიანის“, „ამირანიანის“ და სხვათა, თითქმის ყველა ჟანრის პროზისა და პოეზიის ნიმუშები. ექვთიმემ ხომ ჯერ კიდევ გიმნაზიელმა დაიწყო გადმოცემებისა და პროზაული ტექსტების ჩაწერა და შემდეგაც განაგრძო.
ექვთიმე ფოლკლორულ ძეგლებს „ცოცხალ სიძველეებად“ თვლიდა და მათ, თემატიკის მიხედვით არქეოლოგიურ მონაპოვრებსა და ეთნოგრაფიულ რიტუალებს უკავშირებდა. მათვე იყენებდა იგი ისტორიის წერილობითი წყაროების მონაცემთა განსამტკიცებლად ან ეჭვის ქვეშ დასაყენებლად.



No comments:

Post a Comment